სუპერკომპიუტერი პერსონალურ კომპიუტერთან შედარებით გაცილებით მძლავრი მოწყობილობაა, რომელიც ზოგჯერ მთელ შენობას იკავებს და ურთულეს დავალებებს ასრულებს. მათგან ბევრის რეალური დანიშნულება მკაცრად გასაიდუმლოებულია.
დღეს მსოფლიოში უმძლავრესი ხუთი სუპერკომპიუტერიდან სამი აშშ-ს მფლობელობაშია, ორი კი ჩინეთის.
თუ გაინტერესებთ ვინ მართავს მსოფლიოს უძლიერეს სისტემებს და რისთვის იყენებენ სუპერკომპიუტერებს, ჩვენი ინფოგრაფიკა უნდა ნახოთ.
5. Frontera (აშშ) ღირებულება – $60 მლნ
ფრონტერა მსოფლიოს უახლესი სუპერკომპიუტერია, რომელიც ტექსასის უნივერსიტეტში მდებარეობს. მისი სისწრაფე 23.5 პეტაფლოპია და ისეთი დავალებების შესასრულებლად გამოიყენება, როგორიცაა კოსმოსური სხეულების მოძრაობაზე დაკვირვება სამყაროში და ატომებისა და მოლეკულების ურთიერთქმედება.
4. Tianhe-2 (ჩინეთი) ღირებულება $390 მლნ
ჩინური სუპერკომპიუტერის წარმადობა 33.86 პეტაფლოპია. ტიანხე 2 ჩინეთის მთავრობის მფლობელობაშია და საიდუმლო დავალებების შესასრულებლად გამოიყენება.
3. Sunway TaihuLight (ჩინეთი) ღირებულება – $273 მლნ
Sunway TaihuLight ჩინეთის სუპერკომპიუტერების ნაციონალურ ცენტრში მდებარეობს და მისი სისწრაფე 93.01 პეტაფლოპია. მისი ფუნქციები მოიცავს კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვებას და მაღალგანვითარებული წარმოების შესწავლას. კომპიუტერი წარმატებული აღმოჩნდა საზღვაო პროგნოზების მიმართულებითაც, რითაც მნიშვნელოვნად ეხმარება მეზღვაურებსა და ნავთობმომპოვებელ კომპანიებს.
2. Sierra (აშშ) ღირებულება – $200 მლნ
Sierra პირველი სუპერკომპიუტერია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის შეიქმნა. მისი სისწრაფე 94.6 პეტაფლოპია. მოწყობილობა აშშ-ს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მფლობელობაშია და ბირთვული ენერგიის მოდელირებასა და სიმულაციაზე მუშაობს.
1. Summit (აშშ) ღირებულება $200 მლნ
მსოფლიოს უძლიერესი კომპიუტერი აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს მფლობელობაშია. 2018 წელს შექმნილი სუპერკომპიუტერის სისწრაფე 148.6 პეტაფლოპია. ამ ეტაპზე ის მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებში მედიცინის, ენერგეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით.
ავტორი – Mediaweb