კომპიუტერი ის ნივთია, რომელმაც 21-ე საუკუნის ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.
მეცნიერები ბევრი წლის მანძილზე ცდილობდნენ შეექმნათ “უნივერსალური მანქანა”, რომელიც სხვადასხვა დავალებას მათ ნაცვლად შეასრულებდა. თავიდან, კომპიუტერს მხოლოდ მათემატიკური დავალებების ამოხსნა ევალებოდა, თუმცა ტექნოლოგია სწრაფად განვითარდა.
დროთა განმავლობაში კომპიუტერს დაემატა მეხსიერება, გრაფიკული გამოსახულება, ხმა და ა.შ., შედეგად, დღეს კომპიუტერების შესაძლებლობები, ფაქტობრივად ამოუწურავია. ჩვენს ინფოგრაფიკაში ნახავთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მომენტს კომპიუტერების ისტორიიდან:
1936: ალან ტურინგმა შექმნა „უნივერსალური მანქანა“ რომელსაც მოგვიანებით ტურინგის მანქანა უწოდეს. ამ მოწყობილობას არითმეტიკული დავალებების ამოხსნა შეეძლო. თანამედროვე კომპიუტერის კონცეფცია ტურინგის მანქანის იდეებს ეფუძნება.
1942: აიოვას უნივერსიტეტის პროფესორმა – ჯონ ვინსენტ ათანასოვმა და მისმა სტუდენტმა, კლიფორდ ბერიმ შექმნეს კომპიუტერი, რომელიც ერთდროულად 29 არითმეტიკულ დავალებას ასრულებდა. ეს იყო პირველი კომპიუტერი, რომელსაც ინფორმაციის დამახსოვრება შეეძლო.
1943-44: პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორებმა – ჯონ მაუჩლიმ და პრესპერ ეკერტმა თანამედროვე კომპიუტერების ბაბუად წოდებული მოწყობილობა ENIAC შექმნეს. კომპიუტერი 75კვ.მ. ზომის ოთახს იკავებდა.
1964: დუგლას ენგელბარტმა თანამედროვე კომპიუტერის პროტოტიპი წარმოადგინა მაუსითა და გრაფიკული ინტერფეისით. ეს არის გარდამავალი ეტაპი კომპიუტერების ისტორიაში – მეცნიერებისა და მათემატიკოსების გარდა უკვე სხვა ადამიანებსაც შეეძლოთ მისი გამოყენება.
1971: ალან შუგარტმა IBM-ის ინჟინრებთან ერთად ფლოპი დისკი გამოიგონა, რამაც შესაძლებელი გახადა ინფორმაციის გაცვლა კომპიუტერებს შორის.
1976-77: სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა დააარსეს Apple Computers და კომპანიის პირველი პროდუქტი – კომპიუტერი Apple I გამოუშვეს. მისი გაუმჯობესებული ვერსია, 8-ბიტიანი Apple II იყო პირველი კომერციულად წარმატებული და მასობრივად გაყიდული კომპიუტერი. მას ჰქონდა ფერადი გრაფიკული გამოსახულებები და მეხსიერებისთვის აუდიო კასეტას იყენებდა.
1981: IBM-მა გამოუშვა პირველი პერსონალური კომპიუტერი. მას ჰქონდა მაიკროსოფტის MS-DOS საოპერაციო სისტემა, ინტელის ჩიპი, ორი ფლოპი დისკი და ფერადი მონიტორი. ტერმინი პერსონალური კომპიუტერი (PC) სწორედ ამ მოწყობილობის მეშვეობით დამკვიდრდა.
1985: მაიკროსოფტმა გამოუშვა Windows 1.0 – 16-ბიტიანი გრაფიკული საოპერაციო სისტემა პერსონალური კომპიუტერესბისთვის, რომელმაც მთლიანად გარდაქმნა კომპიუტერების ისტორია.
ავტორი – Mediahub