ყველაზე მასშტაბური კიბერ-შეტევები მსოფლიოში

სერვერის უსაფრთხოების დაცვა რთული საკითხია, რომლისთვის თავის გართმევა ზოგჯერ ყველაზე დიდ და ძლიერ კომპანიებსაც უჭირთ.

მასშტაბური ორგანიზაციებისთვის ერთი შეცდომა შეიძლება მილიონობით ადამიანის პირადი მონაცემების გასაჯაროებას ნიშნავდეს. ჩვენს სტატიაში ბოლო დროის ყველაზე დიდი კიბერ-შეტევების შესახებ მოგიყვებით.

რუსი ჰაკერების შეტევა

2014 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ რუსმა ჰაკერებმა 420 000 ვებსაიტიდან 1.2 მილიარდი იუზერი და პაროლი მოიპარეს. ეს ნიშნავდა წვდომას 500 მილიონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

საინტერესოა, რომ ამ დანაშაულის მოტივი ამერიკელმა გამომძიებლებმა დღემდე ვერ დაადგინეს. მოპარული ინფორმაცია ჰაკერებმა მხოლოდ ერთი მიზნით – სოციალური მედიის კამპანიების (ე.წ. Fake news) გასავრცელებლად გამოიყენეს.

იაჰუ! – ჰაკერების საყვარელი სამიზნე

2014 წელს იაჰუმ განაცხადა, რომ მისი სერვერიდან 500 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს. ეს იყო ერთი კომპანიის მიმართ ჩადენილი ყველაზე დიდი კიბერ-დანაშაული. საბედნიეროდ, ჰაკერებმა მომხმარებლების საბანკო მონაცემების მოპოვება ვერ შეძლეს.

HBO-მ 1.5 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია დაკარგა

2019 დასაწყისში ჰაკერებმა ტელეკომპანია HBO-ს უპრეცედენტო დარტყმა მიაყენეს. მათ მოიპოვეს სერიალები, სცენარები, მენეჯერების პირადი მიმოწერა და სერიალ „სატახტოთა თამაშის“ მსახიობების პირადი ტელეფონის ნომრები. მომავალი დარტყმებისგან თავის დასაცავად ტელეკომპანიამ სრულად განაახლა უსაფრთხოების სისტემა.

„მარიოტი“: შეტევა 500 მილიონ მომხმარებელზე

2014-დან 2018 წლამდე „მარიოტის“ სასტუმროების ქსელზე კიბერ შეტევა შეუმჩნევლად მიმდინარეობდა. ჰაკერებმა მიიღეს 500 მილიონი სტუმრის საბანკო მონაცემები, სახელები, გვარები, რეალური და საფოსტო მისამართები, ტელეფონის ნომრები, პასპორტის მონაცემები, ინფორმაცია „მარიოტის“ ქსელში სტუმრობის შესახებ, განხორციელებული გადახდები და ა.შ.

კოშმარი სამხრეთ კორეაში

2014 წლის იანვარში სამხრეთ კორეელებმა გაიგეს, რომ რამდენიმე წლის მანძილზე 100 მილიონი საკრედიტო ბარათის 20 მილიონი საბანკო ანგარიშის მონაცემები ჰაკერებმა მოიპოვეს. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ 2-მა მილიონმა კორეელმა უარი თქვა საბანკო მომსახურებაზე.
ამ დანაშაულის უკან კორეის საკრედიტო ბიუროს ერთი ჩვეულებრივი კონსულტანტი იდგა, რომელიც მომხმარებლების ინფორმაციას საკუთარ მყარ დისკზე წლების მანძილზე აკოპირებდა. მოგვიანებით მან ეს მონაცემები ტელემარკეტერ კომპანიებზე გაყიდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *