რა იცით CRISPR ტექნოლოგიაზე?

CRISPR გენური ინჟინერიის ტექნოლოგიაა, რომელსაც შეუძლია უჯრედში დნმ-ის კონკრეტული ნაწილი მოძებნოს და შეცვალოს.
 
ამ მიმართულებით მეცნიერებს საკმაოდ სერიოზული მიღწევები აქვთ, CRISPR უკვე გამოიყენება სხვადასხვა ექსპერიმენტი, თუმცა პოტენციური საფრთხეების გამო ეს არეალი საკმაოდ შეზღუდულია.
 
ორგანოების დონაცია – ცხოველის ორგანოს ადამიანისთვის გადანერგვის იდეა ახალი არაა, თუმცა აქამდე ასეთი ექსპერიმენტები კრახით სრულდებოდნენ. ამის მიზეზი ან ცხოველური ინფექცია იყო, ან ადამიანის იმუნური სისტემის პასუხი უცხო ქსოვილზე. გენური ინჟინერიის წყალობით შესაძლებელია ღორის გულის ან ფილტვების ისეთნაირად მოდიფიკაცია, რომ პაციენტმა ჩვეულებრივ რიტმში განაგრძოს ცხოვრება.
 
ადამიანის ემბრიონის რედაქტირება – 2017 წელს ორეგონის უნივერსიტეტში მეცნიერებმა პირველად შეძლეს ემბრიონის დნმ-დან იშვიათი გენეტიკური დაავადების “წაშლა”. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის გენი 500-დან ერთ ადამიანს აქვს და საკმაოდ სერიოზულ გართულებებს იწვევს. ეს ექსპერიმენტი მხოლოდ კვლევისთვის იყო საჭირო, არცერთი მოდიფიცირებული ემბრიონი ქალის სხეულში არ გადაუტანიათ.
 
CRISPR ის აქტიურად გამოყენება ბევრ რისკს შეიცავს. თეორიულად, მისი საშუალებით შესაძლებელია მშობელმა არამხოლოდ გენეტიკური დაავადებებისგან დაიზღვიოს თავი, არამედ შეარჩიოს რა ფერის თმა და თვალები ექნება ბავშვს, რა სიმაღლის იქნება და ა.შ.
 
კიდევ უფრო სერიოზულია იმის საფრთხე, რომ რომელიმე ქვეყანამ ტექნოლოგია “უნივერსალური ჯარისკაცის” შესაქმნელად გამოიყენოს. ის მეცნიერები კი, რომლებიც მარსის კოლონიზაციაზე ოცნებობენ, ფიქრობენ, რომ შესაძლებელია სრულიად ახალი ადამიანური რასის შექმნა, რომელიც წითელი პლანეტის გარემოზე იქნება მორგებული და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეძლებს იქ ცხოვრებას.
 
ავტორი: Mediaweb